აქციაზე დაკავების შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესებს იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. დაკავების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 577 07 05 63
გაითვალისწინეთ: დაკავებიდან 24 საათის შემდეგ, დაკავების ვადის გახანგრძლივებისას, დაკავებულმა სამართალდამცავებისგან აუცილებლად უნდა მოითხოვოს წერილობითი დასაბუთება, რატომ გახდა ეს საჭირო. ასეთი დასაბუთების არარსებობისას, პირი უკანონოდ დაკავებულად მიიჩნევა და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. იმავდროულად, ასეთ შემთხვევაში, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომლები აშკარად არღვევენ დაკავების პროცედურას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილემ იცოდეს, რა უფლებები გააჩნია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას:
ადმინისტრაციული დაკავების დროს პოლიციელი ვალდებულია, პირს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს:
მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი;
უფლება ადვოკატზე;
უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს ახლობელს, ასევე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება:
ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;
ცნობები დაკავებულის შესახებ;
დაკავების დრო და საფუძველი.
გაითვალისწინეთ: ზოგჯერ პოლიციელებს აქციის მონაწილეების შეჩერებისას არ აცვიათ სამსახურებრივი ფორმა. ასეთ დროს აქციის მონაწილეს უფლება აქვს, მას მოსთხოვოს სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რათა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად სამართალდამცავს ესაუბრება.
პოლიციის თანამშრომელთან საუბრის დაწყებისას აქციის მონაწილეს უფლება აქვს:
გაარკვიოს მისი ვინაობა;
არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა;
თავად გადაიღოს საუბარი (პოლიციელს არ აქვს უფლება, სათანადო საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე, შეუზღუდოს გადაღების უფლება).
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად დაუკავშირდით სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე: 1481.
სრული გზამკვლევი შეგიძლიათ, იხილოთ აქ > გზამკვლევი აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორებისთვის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია / 2023)
„ისაუბრე“ არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სანდო, გასაგები და დამოუკიდებელი ინფორმაცია. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, შევინარჩუნოთ თავისუფლება პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან.
შემოწირულობის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
თქვენი შემოწირულობა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა. ის უზრუნველყოფს, რომ „ისაუბრე“ დარჩეს საზოგადოების ხმად და არა — ცალკეული ინტერესების გამტარებლად.